ლოგოს გაკეთება - რა გავითვალისწინოთ?

ლოგოს შექმნა ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია, ბიზნეს საქმიანობის დაწყებისას, მოდით განვიხილოთ:

ლოგოს 3 ძირითადი ტიპი

,,პირველი შთაბეჭდილების მოსახდენად მეორე შანსი არ არსებობს “ – ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ლოგო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბრენდის განვითარებაში. კვლევებმა აჩვენა, რომ მომხმარებლებს უფრო ხშირად ის ბრენდები ახსოვთ, რომლებსაც გამორჩეული ლოგო აქვს.

ტიპების მიხედვით, ლოგოს დიზაინი იყოფა რამდენიმე ჯგუფად. წარმოგიდგენთ ძირითად სამ ტიპს:

  • სიტყვიერი
  • სიმბოლური
  • კომბინაციური

განვიხილოთ თითოეული ცალ-ცალკე.

სიტყვიერი ლოგო

სიტყვიერ ლოგოებში გამოიყენება მხოლოდ ტექსტი, ბრენდის სახელის წარმოსაჩენად.

სიტყვიერია, მაგალითად, FedEx-ის ლოგო. ის ერთი შეხედვით მეწამული და ნარინჯისფერი ასოების მარტივი კომბინაციაა, თუმცა კარგად თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ ,,E”-სა და ,,X”-ს შორის დამალულ ისარს, რომელიც ბრენდის ეფექტურობის, სიჩქარისა და წინსვლის სიმბოლოა.

ასეთია Google-ის ლოგოც ,რომელიც არის ფერადი და მხიარული დიზაინის,  თუმცა დაცულია პროპორცია ასოების მანძილებს შორის. ზუსტად დაცული მანძილი ქმნის ჰარმონიასა და ბალანსს ლოგოს დიზაინში.

როდესაც სიტყვიერ ლოგოებზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება, გამოვტოვოთ ყველაზე ცნობილი, Coca-Cola-ს ლოგო, რომლის ,,წითელი და თეთრი ფერის კომბინაციას” აღიარებს მსოფლიოს მოსახლეობის 94%.

სიმბოლური ლოგო

სიმბოლურ ლოგოებში გამოიყენება სიმბოლოები, ბრენდის სახელის წარმოსაჩენად.

იმისათვის, რომ ლოგოს ჰქონდეს შესანიშნავი დიზაინი,არ არის აუცილებელი დიდი კომპანიები და ცნობილი დიზაინერები იყვნენ ჩართულნი მის შექმნაში, მთავარია იდეა და კრეატივი.

ამის დამადასტურებელია, სწორედ, სიმბოლური ლოგოების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი, Nike-ის ლოგო. ცნობილია, რომ Nike-ის ლოგო შექმნა სტუდენტმა, კაროლინ დევიდსონმა, რომელსაც ამ სამუშაოსთვის მხოლოდ 35 დოლარი გადაუხადეს. მიუხედავად ამისა, Nike-ის სიმბოლო გახდა ერთ-ერთი ყველაზე საკულტო ლოგო მსოფლიოში.

სიმბოლური ლოგოს მაგალითია, ასევე, Apple-ის ლოგოც. არსებობს მოსაზრება, რომ Apple-ის ლოგოს დიზაინი შთაგონებულია ფიბონაჩის მიმდევრობით – ეს არის მიმდევრობა, რომლის ყოველი მომდევნო წევრი წინა ორი წევრის ჯამს წარმოადგენს, ხოლო ყოველი რიცხვის ფარდობა მის წინა რიცხვთან დაახლოებით 1.618-ს ტოლია (ოქროს კვეთა). იქიდან გამომდინარე, რომ ლოგოში ვაშლის მრუდი არის სრულყოფილი რკალი, ვარაუდობენ, რომ მისი დიზაინი სწორედ ,,ოქროს კვეთაზეა” დაფუძნებული.

კომბინაციური ლოგო

კომბინაციური ლოგოები არის გაერთიანება სიტყვიერი და სიმბოლური ლოგოებისა (ასევე, შეიძლება იყოს სხვა ტიპის ლოგოების გაერთიანებაც, რომლებზეც ამ სტატიაში არ ვსაუბრობთ).

ასეთია, მაგალითად, Mastercard-ის ცნობილი ლოგო, რომელიც აერთიანებს სიტყვიერსა (კომპანიის სახელი ,,Mastercard”) და სიმბოლურ (ორი ურთიერთგადამკვეთი წრე) ლოგოებს. წრეების მიზანია ასახოს კავშირი მომხმარებელსა და სავაჭრო ობიექტს შორის. ლოგო წარმოადგენს ვენის დიაგრამას, რაც ყურადღებას ამახვილებს მონაცემთა ანალიზსა და რისკების მართვაზე.

ლოგო იპყრობს ყურადღებას, ტოვებს ძლიერ პირველ შთაბეჭდილებას და არის ბრენდის იდენტობის საფუძველი. თუ გავიხსენებთ მნიშვნელობას, ,,ლოგოს’’ (λόγος (lógos)) ძველი ბერძნულიდან ნიშნავს ,,სიტყვას’’, ,,მეტყველებას’’. მართლაც, ლოგო მეტყველებს თქვენს ბრენდზე, ამიტომ საჭიროა გამოირჩეოდეს სხვებისგან, როგორი ტიპისაც არ უნდა იყოს ის.

თქვენ რომელ ტიპს მიანიჭებდით უპირატესობას?